2011 წლის საგრანტო უნარების ტესტი (წაკითხულის გააზრება 2 )

სწავლა გვატკბობს, გვამკობს და ნიჭსა გვძენს. გვატკბობს იმით, რომ
ყველასაგან განგვაშორებს და განგვამარტოვებს; გვამკობს მჭევრმეტყველების
უნარით; ხოლო ნიჭს გვძენს მსჯელობისა და საქმის გაძღოლისა.
რიგითმა მკვლევარმა შესაძლოა მოახერხოს ცალკეული ნაწილების
გააზრება ან მასზე მსჯელობა, მაგრამ მთლიანი, ზოგადი განსჯა, ნაწილების
შერწყმა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც განსწავლულია. სწავლაზე მეტისმეტად
დიდი დროის დახარჯვა დასაზარია; მისი გადამეტებული გამოყენება თავის
შესამკობლად პრანჭვა-გრეხაა; მხოლოდ დასწავლილი წესებით მსჯელობა კი
მეცნიერული ახირებაა.
სწავლა სრულყოფს ბუნებას, სწავლას კი გამოცდილება სრულყოფს,
რადგან ბუნებრივი ნიჭი ველურ მცენარესა ჰგავს, ნიჭს სწავლა ჰკვებავს; თვით
სწავლა მხოლოდ წინ მიგვიძღვის უსაზღვრო სივრცეში, გამოცდილებას კი
შეუძლია მისი დაოკება. მარიფათიან ხალხს სძულს სწავლა, უბრალო ხალხი
აღფრთოვანებულია მისით, ხოლო ბრძენკაცი იყენებს მას, რადგან სწავლას
სხვაგვარად ვერ გამოვიყენებთ, თუ არა თვით მასზე უმჯობესი და აღმატებული
სიბრძნის მეოხებით, რასაც გამოცდილების შემწეობით მივაღწევთ.
იკითხე არა იმისათვის, რომ უარყო ან უკუაგდო; არა იმისათვის, რომ
ირწმუნო და უეჭველად გაიზიარო; არა იმისათვის, რომ საუბრისა და
ენამჭევრობის უნარი შეიძინო; არამედ, რათა აწონ-დაწონო და განსაჯო. ზოგი
წიგნი უნდა დაიგემოვნო, სხვები ჩაყლაპო და მხოლოდ ზოგიერთი დაღეჭო და
მოინელო; ანუ ზოგი წიგნი მხოლოდ ზერელედ უნდა წაიკითხო; სხვები
წაიკითხო, მაგრამ არა ცნობისმოყვარეობით; და რამდენიმე თავიდან ბოლომდე
უნდა წაიკითხო და თანაც ბეჯითად და ყურადღებით.
კითხვა ჰქმნის განსწავლულ ადამიანს, მსჯელობა _ გამჭრიახ კაცს და
წერა კი _ წესრიგიან ადამიანს. ამიტომ, თუ კაცი ცოტას კითხულობს, მას დიდი
ეშმაკობა ესაჭიროება, რათა თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ისიც იცოდეს, რაც
ვერ გაიგო; თუ ცოტას მსჯელობს, მას აუცილებლად ესაჭიროება ცინცხალი
გონება; თუ ცოტას წერს, მას აუცილებლად დიდი მეხსიერება ესაჭიროება.
ისტორია სიბრძნეს სძენს ადამიანს, პოეზია _ გონებამახვილობას,
მათემატიკა _ სიზუსტეს, ბუნების ფილოსოფია _ ღრმა ზნეობრივ ღირსებას,
ლოგიკა და რიტორიკა უნარს იმისა, რომ თავისი აზრის დასაბუთება შეძლოს;
სწავლა ჩვევად იქცევა. თუ სიბრძნის მიღწევაში რაიმე წინააღმდეგობა ან
დაბრკოლება ხელს არ გვიშლის, მას შესაფერისი სწავლით მივწვდებით, ისევე,
როგორც სხეულის ყოველგვარ ავადმყოფობას შესაძლოა, შესაბამისი ვარჯიში
მოეძებნოს: ბურთაობა თირკმლის კენჭს უხდება, ნადირობა _ ფილტვებსა და
გულმკერდს, ნელი სიარული _ კუჭს, ცხენზე ჯდომა _ თავს და ასე შემდეგ.
ამგვარად, თუკი ვინმეს გონება ეფანტება, მათემატიკა შეასწავლეთ, და
მაგალითების ამოხსნისას ოდნავადაც თუ გაეფანტება გონება, თავიდან
დააწყებინეთ; თუ ვინმეს ძალა არ შესწევს გარჩევისა ანუ განსხვავების
აღმოჩენისა, მაშინ მან სქოლასტიკოსები უნდა შეისწავლოს, რადგან ისინი
წვრილმანი პედანტები არიან. თუკი ადამიანი მომხდარ ამბებში ვერ ერკვევა და
ვერ ახერხებს საჭირო არგუმენტების სწრაფად მოფიქრებას, მაშინ
იურისპრუდენცია ისწავლოს. ასე რომ, ყოველგვარ გონებრივ ნაკლოვანებას
შესაფერისი წამალი მოეძებნება.

 

14. ჩამოთვლილთაგან რომელს განეკუთვნება მოცემული ტექსტი Aთავისი
ხასიათით?
(ა) ფილოსოფიურ ესეის
(ბ) სამეცნიერო ნარკვევს
(გ) ჟურნალისტურ სტატიას
(დ) ემპირიულ გამოკვლევას
(ე) ნოველას

 

15. ავტორის ძირითადი მიზანია, წარმოაჩინოს
(ა) კითხვის როლი ცოდნის შეძენის პროცესში.
(ბ) საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა დამოკიდებულება სწავლისადმი.
(გ) სხვადასხვა დარგის მნიშვნელობა სხვადასხვა უნარის განვითარებაში.
(დ) სწავლის მნიშვნელობა ადამიანის სრულყოფისათვის.
(ე) ბუნებრივი ნიჭისა და გამოცდილების როლი სწავლის პროცესში.

 

16. ავტორის აზრით, უნდა იკითხო, რათა
I. განსჯის გარეშე მიიღო ან უკუაგდო წაკითხული.
II. შეიძინო ან გაივარჯიშო საუბრის უნარი.
III. ჩამოიყალიბო შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
(ა) მხოლოდ I
(ბ) მხოლოდ II
(გ) მხოლოდ III
(დ) მხოლოდ I და III
(ე) I, II და III

 

17. ჩამოთვლილთაგან რომელი არ დასტურდება ტექსტში?
(ა) განსწავლულობა ადამიანს მჭევრმეტყველებისა და მსჯელობის უნარს
სძენს.
(ბ) სწავლის მიმართ გადაჭარბებული არც აღფრთოვანება არის
გამართლებული და არც უარყოფითი დამოკიდებულება.
(გ) ცოდნის დაგროვებისათვის ნიჭი აუცილებელი პირობაა.
(დ) განსწავლულ ადამიანს უკეთ შეუძლია საკითხის ერთიანობაში აღქმა,
ვიდრე ჩვეულებრივ მკვლევარს.
(ე) სხვადასხვაგვარ წიგნს სხვადასხვანაირად უნდა წაკითხვა.

 

18. ავტორი იზიარებს მოსაზრებას, რომ
(ა) სწავლის გამოყენება ყველაზე უკეთ მოხერხებულ, მარიფათიან ადამიანს
შეუძლია.
(ბ) ნამდვილი ცოდნის მისაღებად ყველა წიგნის ზედმიწევნით წაკითხვა და
ღრმად წვდომაა საჭირო.
(გ) წიგნების კითხვა აუცილებელია მსჯელობისათვის საჭირო არგუმენტებისა
და ციტატების მოსაძიებლად.
(დ) გამართლებულია ცოდნის გამოყენება თავის მოწონების მიზნით, რადგან მის
შესაძენად დიდი დრო და ძალისხმევაა დახარჯული.
(ე) დაკვირვება და გამოცდილების დაგროვება სრულყოფილი ცოდნის მიღების
აუცილებელი საშუალებაა.

 

19. ავტორს ფიზიკური ვარჯიშის მაგალითები მოჰყავს იმის საჩვენებლად, რომ
I. გონებრივი ნაკლის შევსება, ფიზიკური ნაკლის გამოსწორების
ანალოგიურად, ვარჯიშით არის შესაძლებელი.
II. წინააღმდეგობებისა და დაბრკოლების პირობებშიც კი ნებისმიერი ნაკლის
დაძლევა ვარჯიშით არის შესაძლებელი.
III. მეცნიერების ყოველი დარგი შესაბამის უნარს განავითარებს.
(ა) მხოლოდ I
(ბ) მხოლოდ II
(გ) მხოლოდ III
(დ) მხოლოდ I და II
(ე) მხოლოდ I და III

 

20. ტექსტის მეშვეობით ავტორი ცდილობს,
(ა) საკითხში გარკვეული მრჩევლის პოზიციიდან დამოძღვროს მკითხველი.
(ბ) მიმოიხილოს და შეაფასოს განსხვავებული თვალსაზრისები.
(გ) თვალსაჩინო მაგალითებზე დაყრდნობით წარმოაჩინოს განსხვავებული
მოსაზრებები.
(დ) გამოთქმული თვალსაზრისების საბოლოო შეფასების უფლება მკითხველს
დაუტოვოს.
(ე) გამოკვეთოს სხვა მოაზროვნეთა არგუმენტების სისუსტე საკუთარი პოზიციის
უპირატესობის წარმოსაჩენად.

 

21. დავით გურამიშვილი წერს:
`… ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია,
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია,
ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვია”.
ტექსტის ავტორის აზრებიდან რომელი მიესადაგება გურამიშვილის ამ
სტრიქონებს?
I. მთლიანი განსჯა, ნაწილების შერწყმა და მოწესრიგება მხოლოდ
განსწავლულ ადამიანს შეუძლია.
II. სწავლა გვამკობს მჭევრმეტყველების უნარით.
III. ნიჭს სწავლა კვებავს.
IV. კითხვა ქმნის განსწავლულ ადამიანს, წერა კი _ წესრიგიანს.
(ა) მხოლოდ I და II
(ბ) მხოლოდ I და III
(გ) მხოლოდ II და III
(დ) მხოლოდ II და IV
(ე) მხოლოდ III და IV

 

 

პასუხები :

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s